"ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე რაიმეს გაკეთება დანაშაულია და ამას ძალიან სერიოზულად შევხედავთ", - ასე ეხმაურება რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და "ინფო რუსთავთან" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზე საუბრობს.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურება და საერთოდ ის გარემო, რომელიც ასეთ ქალაქებს საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით დარჩა და ამას დაემატა კარგად არ გააზრებული რეგულაციები, რომელმაც პრაქტიკულად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა რუსთავი, ზესტაფონი, კასპი, ჭიათურა. ჩვენი ხედვა არის ასეთი, ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე რაიმეს გაკეთება დანაშაულია და ამას ძალიან სერიოზულად შევხედავთ. ჩვენ ბავშვები გვეზრდებიან და თუ ისინი დაგვიავადმყოფდნენ, არ გვინდა ასეთი წარმოება. მე იმ ბიზნესიდან მოვდივარ, რომელშიც უამრავ საწარმოსთან მქონია ურთიერთობა და ნომერ პირველი ამოცანა ყოველთვის იყო ადამიანების და იქ დასაქმებულების შრომის უფლებების, უსაფრთხოების დაცვა", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძის თქმით, ასევე, რუსთაველებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით და გადაადგილება. "ლელოს" ლიდერის თქმით, პარტიაში განიხილება ღია მეტროს პროექტიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
"არ შეიძლება ხელფასის უმეტესი ნაწილი ადამიანს წაუვიდეს ტრანსპორტში. პირველ რიგში, გამართული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, სადაც ტრანსპორტირება იქნება მოკლე, არამატერიალური და კონფორტული. ეს ვერ შეიქმნა წლების განმავლობაში. 35 000 ადამიანი მოძრაობს თბილისსა და რუსთავს შორის ყოველდღიურად და ეს არის პირველ რიგში გადასაწყვეტი საკითხი. რაც მთავარია, მონოპოლია უნდა მოიხსნეს, არ შეიძლება ერთ კომპანიას ჰქონდეს ჩაბარებული მგზავრობა რუსთავსა და თბილისს შორის. ეს იწვევს სწორედ იმას, რომ ფასი არაკონკურენტუნარიანია და საბოლოო ჯამში, ადამიანების ჯიბეზე მოქმედებს", - აცახდებს მამუკა ხაზარაძე.
"ლელოს" ლიდერი საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა ვერ დასრულდა.