"ჩემთვის არავის უთქვამს რომ უნდა ვყოფილიყავი თვითიზოლაციაში"

2020-06-14 13:15:57

რუსთაველი პაციენტი, რომელიც კოვიდ19-ით არის ინფიცირებული, "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს, რომ მისთვის მითითება, რომ თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, არავის მიუცია.

"3 თვეა ვცხოვრობ თბილისში და არ ჩამოვდიოდი რუსთავში, არ მყავადა ნანახი ყველაზე ახლო ადამიანებიც კი. სწორედ იმის გამო, რომ ვმუშაობ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც განთავსებულები იყვნენ კორონავირუსით ინფიცირებულები.

7 ივნისს მეგობრებთან ერთად, ვიწრო წრეში, სულ 10-მდე ადამიანი ვიყავით, ჩემთან სახლში ავღნიშნე დაბადების დღე. 9 ივნისს კი უკვე მქონდა სიმპტომები. 11 ივნისს ტესტის შემდეგ დამიდასტურდა კორონავირუსი.

ჩემთვის არავის უთქვამს, რომ უნდა ვყოფილიყავი თვითიზოლაციაში. ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ვმუშაობ რესპულიკურ საავადმყოფოში, ზედმიწევნით ვიცავ წესებს. შესაბამისად, არც მეგობრებს და არც ოჯახის წევრებს არ შევუქმნიდი პრობლემებს. კარგად მაქვს გააზრებული სადაც ვმუშაობ და შესაბამისად ზუსტად ვიცავ წესებს.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ სიმპტომი გამიჩნდა თუ არა უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, ეგრევე გავატესტინე თავი და 11 ივნისამდე სახლში ვიყავი და არავინ არ მინახავს - განაცხადა "ინფო რუსთავთან საუბარში ახალგაზრდა ქალმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში უკვე მეათე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, აქედან 9 უკვე გამოჯანმრთლედა.