სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში არსებულ ესთეტიკურ ცენტრებში და სალონებში მომხმარებლები უკვე ჩაწერილები არიან და ადგილებიც შევსებულია.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სალონების მუშაობის პრინციპსა და იმ რეკომენდაციებზე გააკეთა დამატებითი განმარტებები რაც დაწესებულებებმა უნდა დაიცვას.
ბექა ფერაძის თქმით, სილამაზის სალონებში მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩაწერით, ასევე სალონების შესასვლელში უნდა იყოს დეზობარიერები. ამასთან, მომხმარებელმა უნდა განახორციელოს ხელის ჰიგიენა შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარით, რაც განთავსებული უნდა იყოს სალონში შესვლისთანავე.
„განსაზღვრულია კვადრატულობა და ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე უნდა მოხდეს ერთი ადამიანის დაშვება. იქ, სადაც ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, შესაძლებელია, რომ განისაზღვროს და დაწესდეს გარკვეული დროებითი, დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს მომხმარებლებს შორის უშუალო კომუნიკაციას, რომელიც ხშირად იქნება დამუშავებული. სალაროსთან უნდა იყოს დროებითი დამცავი ბარიერი, რათა დასაქმებული პერსონალი დავიცვათ. პირბადის ტარება არის სავალდებულო, ხოლო ინდივიადუალური დაცვის სხვა საშუალებები, როგორებიცაა – ხალათი, ხელთათმანები და ა.შ. გამოიყენება შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით.
მაგალითად, თუ ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევასთან გვაქვს საქმე, გამოიყენება შესაბამისი პირბადე, ხელთათმანი, ხალათი, ხოლო თუ უბრალოდ სხვა მარტივი პროცედურებია, მაშინ მხოლოდ ნიღაბი. ყველა ინსტრუმენტის დეზინფექცია არის მოთხოვნილი, რომელიც უკვე რეგულირდებოდა მოქმედი კანონმდებლობით. რაც შეეხება დეზინფექციას, ის ხორციელდება ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ ხორციელდება, ხოლო სრული დეზინფექცია ყოველი დღის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.