რუსთავში უძრავი ქონების ბაზარი გაჩერებულია

2020-05-12 20:55:01

საცხოვრებელი ფართების ყიდვა/გაყიდვა რუსთავში შეჩერებულია - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის აგენტებმა განუცხადეს.

როგორც საინფომაციო სააგენტომ გაარკვია, ბინებზე მოთხოვნა ქალაქის მასშტაბით არათუ შემცირდა, არამედ საერთოდ აღარ არის. მიზეზად, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარება სახელდება. იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს ყველა რესურსი ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის არის მობილიზებული, მიმდინარე პროცესები, ცხადია, გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზეც.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით დაეცა, რაც ექსპერტების თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული.

ლარის გაუფასურებას ასახელებენ რუსთაველი ყიდვა/გაყიდვის აგენტები ბინების გაყიდვის შეჩერების მთავარ მიზეზად.

"გვქონდა 2 შემთხვევა ისეთი, როცა ბანკიდან ლარებში გამოიტანეს თანხა და კონკრეტული რაოდენობის დოლარის შესაძენად აღარ ეყოთ. რომ არა ლარის გაუფასურება, ვფიქრობ, მოთხოვნა სრულად შეჩერებული არ იქნებოდა", - აცხადებს ერთ-ერთო ყიდვა/გაყიდვის აგენტი.

ასევე შემცირებულია მოთხოვნა რუსთავში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე.