რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი "ინფო რუსთავთან" გააკეთა.
საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ქალაქის მერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიცე-მერის პოზიციას ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს, ხოლო მერის ახალი მოადგილე ირმა მესხი იქნება.
"თქვენ იცით, რომ ვაკანტური თანამდებობა იყო იმის შემდეგ, რაც მერის პირველმა მოადგილემ განცხადება დაწერა. ამ ეტაპზე პირველ მოადგილედ ბესიკ ტოგონიძე დაინიშნა. ასევე ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას ირმა მესხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ირმა მესხი რუსთაველია და მივესალმები ამ საკითხს. სამივე მოადგილე რუსთაველი იქნება, როგორც მე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ქალაქისთვის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ირმა მესხის შერჩევა მოხდა მისი პროფესიული გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე. ჩვენ ეს შეთანხმება გვქონდა დიდი ხნის წინ, რომ ყველა კითხვაზე, რასაც დასვამდით საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პასუხს მიიღებდით და არც გავურბივარ ამ კითხვებზე პასუხს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, ექსკლუზიური ინფორმაცია რუსთავის მერიაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" გუშინ გაავრცელა.