"მაღაზიები, რომლებშიც ვადაგასულ პროდუქციას აღმოვაჩენთ, პირველ ეტაპზე 500 ლარით, შემდგომ ეტაპზე კი 1000 ლარით დაჯარიმდებიან", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
საინფორმაციო სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელმა რუსთავის სასურსათო მაღაზიებში ვადაგასული პორიდუქციის აღმოჩენა დაუდასტურა და უთხრა, რომ სამმართველოს ცხელი ხაზის ნომერზე შეტყობინებები საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე შევიდა. მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავთან" საუბარში როგორც მომხმარებლებს, ისე ბიზნესოპერატორებს გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა.
"ბიზნესოპრეტორებს მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო მომხმარებლებს, იყვნენ ყურადრბით, აუცილებლად დაუკვირდნენ ეტიკეტზე დატანილ თარიღებს და ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკონ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე", - აცხადებს მირანგულა ლიპარტელიანი.
ცხელი ხაზის ნომერია 15 01.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ რუსთავის სასურსათო მაღაზიებში ბოლო 2 კვირაა ვადაგასულ პროდუქტს აწყდება.
მომხმარებელმა ამის დასტურად რამდენიმე ფოტოც გამოგვიგზავნა.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ გარკვეულ მაღაზიებში პროდუქტის განახლება არ მომხდარა და კომპანიები ხშირ შემთხვევაში ვადაგასულ ნაწარმს ყიდიან.