"სტამბულის" ბაზრის მეპატრონის მკვლელობის საქმე

2020-01-13 19:05:27

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 2 წლის თავზე საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები ისევ მიმდინარეობს.

დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლის მხრიდან გამოიკვეთა ეჭვი, რომ ბრალდებული ადვოკატების ხშირი შეცვლით, პროცესების გაჭიანურებას ცდილობს.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჭანტურიამ დეკემბერში ადვოკატ ბექა ბასილაიას აცილების საკითხი დააყენა და სასამართლოსგან ახალი ადვოკატის ასაყვანად გონივრული ვადა ითხოვა, შემდეგ კი ადვოკატი კვლავ შეცვალა. დღეს ბრალდებული სასამართლოზე ახალ უფლებადამცველთან, ვასილ მამულაშვილთან ერთად გამოცხადდა, რომელმაც მოსამართლე მადონა მაისურაძეს, საქმის მასალების გასაცნობად ორთვიანი ვადის მიცემა და პროცესის ამ დროით გადადება სთხოვა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და შემდეგი სასამართლო სხდომა 29 იანვარს ჩანიშნა.

აღნიშნულს სხდომათა დარბაზში შეკამათება მოჰყვა. შეკამათების შემდეგ, ვასილ მამულაშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა, რაც მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ჭანტურია, იმავე წლის აგვისტოში რუსთავში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა. 2019 წლის 3 მაისს კი ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული.