უსიამოვნო სუნის ნაკადი შემცირდება, მაგრამ სულ არ გაქრება

2020-01-15 21:02:42

"თეთრი ქუდის" ხელმძღვანელობა, მერიას სხთოვს დროს და შესაძლებლობას, რომ არსებული უარყოფითი ფაქტორები, ბიზნეს პროცესის შეფერხებების გარეშე აღმოფხვრან - ამის შესახებ, სოკოს საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ, მერიაში შეტანილ განაცხადში წერია.

როგორც განაცხადშია აღნიშნული, ყველა უსიამოვნო ფაქტორის აღმოსაფხვრელად, ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთის შეძენის პროცესს აწარმოებენ. იმ დრომდე, სანამ კომპოსტირება ქალაქიდან მოშორებით გადავა, საწარმოო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ახალი ტექნიკური ინვენტარის შეძენა. ასევე, კომპოსტის წარმოების გარკვეული რაოდენობა შემცირდება, რაც თებერვლის თვისთვის სუნის ნაკადის დამატებით 15%-ით შემცირებას ნიშნავს. საბოლოოდ სუნის ნაკადი ჯამში 40-45%-ით შემცირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არის დადასტურებული და ამავდროულად ფიზიკურად შეუძლებელია საწარმოო პროცესის სპეციფიკის მიუხედავად ხდებოდეს რუთავის ჰაერის დაბინძურება ჩვენი კომპანიის მიერ, ჩვენი კომპანია ბიზნეს პროცესის გათვალისწინებით, აქტიურად და მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს ყველა ის შესაძლო გამომწვევი ფაქტორი რომელიც შესაძლოა იყოს განმაპირობებელი ქალაქში უსიამოვნო სუნის გავრცელებასთან", - წერია განაცხადში.

"ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა რომ - "როგორც წერილშია აღნიშნული, მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის მოძიება და შესყიდვების წარმოება და გარკვეული დრო დასჭირდება მოწყობას. ამ შემთხვევაში ქალაქში არანაირი სუნი არ იქნება კომპოსტირების".

კომპანიის ხელმძღვანელობის კიერ დადებული პირობის მიუხედავად რუსთავში უსიამოვნო სუნის შემოდინება იგივე ტემპში 5-6 თვე სავარაუდოდ ისევ გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი", კომპოსტირების პროცესს ქალაქიდან მოშორებით, რამდენიმე თვეში გადაიტანს. თუმცა ამისთვის ჯერ მიწის ნაკვეთები უნდა შეიძინოს, გადაიტანოს საწარმოო პროცესი, მაოხდინოს დანადგარების დემონტაჟი-მონტაჟი.

"ინფო რუსთავი" პირველი მედია საშუალება იყო რომელმაც აღნიშნული პრობლემის გაშუქება დაიწყო, ამიტომ ჩვენთვის და რუსთაველების იმ ნაწილისთვის ვისაც უსიამოვნო სუნი აწუხებს ეს თემა კვლავ მნიშვნელოვნად რჩება. სწორედ ამიტომ თვალს მივადევნებთ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებს საწარმო მოსახლეობისა და ქალაქის წინაშე დადებულ პირობას.