რუსთავს, საჩუქრად 2020 ნერგი გადაეცა, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება.
ნერგები ქალაქს, რუსთავის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის შუამდგომლობით "პაშა ბანკმა" გადმოსცა.
"პაშა ბანკი აგრძელებს წინასაახალწლო ტრადიციას. ჩვენი პარტნიორების სახელით ამჯერად ქალაქ რუსთავში რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ქალაქის შემოსასვლელში, რუსთავის პარკში დავრგეთ 2020 ძირი ფიჭვი და ზეთის ხილის ხის ნერგი. ჩვენი კორპორაციული, სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში "პაშა ბანკს" 10 000-ზე მეტი ხე აქვს დარგული საქართველოს მასშტაბით. ჩართულები ვართ უკვე მეოთხე წელია გარემოს დაცვით, ეკოლოგიურ პროექტში და ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავაუმჯობესოთ გარემო, სადაც ვცხოვრობთ", - განაცხადა "პაშა ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტმა ანა ბუხაიძემ.
გამწვანების აქცია ცენტრალურ პარკში უკვე მიმდინარეობს. დარგვით სამუშაოებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო და განაცხადა, რომ: - "აქცია კარგია, "პაშა ბანკის" წარმომადგენლობამ ქალაქს გადმოსცა 2020 ნერგი და ჩვენ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ ნერგების წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე დარგვას. მისასალმებელია ბიზნესის მხრიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, შუამდგომლობა ჩვენმა დაძმობილებულმა ქალაქმა ინეგოლმა გაუწია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. კარგი იქნება თუ საწარმოები ჩაერთვებიან აღნიშნულ აქციაში, მეტ რეკრეაციას და მეტ ჟანგბადს შესძენენ ქალაქს და ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს"
სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ასრულებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური გარემო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქალაქში 2020 ნერგი ირგვება. მოვლა პატრონობას ჩვენ განვახორციელებთ. მინდა მადლობა გადავუხადო "პაშა ბანკს" თანამშრომლობისთვის", - განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.
ელდარის ფიჭვის და ზეთის ხილის ნერგები, ცენტრალურ პარკში, ქალაქის შემოსასვლელში და თბილისის ქუჩაზე დაირგვება.