რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პოლონელი დეპუტატი ტომაშ მაკოვსკი ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მან პოლონეთისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა შესთავაზა. მაკოვსკის მიერ გამართული პრეზენტაცია ისეთ პროექტებს ეხებოდა, რომელთა განხორციელება რუსთავსა და სხვა მუნიციპალიტეტებში პოლონეთთან ერთადაა შესაძლებელი. შეხვედრაზე საუბარი იყო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების, ტურიზმის განვითარების, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ და სხვა ტიპის პროექტებზე. შეხვედრას რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ესწრებოდნენ.