პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა

2026-06-24 11:30:14

საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის,  გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს  ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14  პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.