მაღაზიაში ორმა პირმა მომწამვლელი ნივთიერება გაავრცელა

2026-05-26 15:07:56

საგარეჯოში, სასურსათო მაღაზია რჩეულში ორმა პირმა მომწამვლელი ნივთიერება გაავრცელა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მაღაზია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნივთიერების გავრცელების შედეგადად მაღაზიაში მყოფ მოქალაქეებსა და თანამშრომლებს განუვითარდათ ინტოქსიკაცია.

"25 რიცხვს, დაახლოებით 20:50 საათზე, ჩვენს მაღაზიაში დაფიქსირდა საგანგაშო შემთხვევა. მაღაზიაში შემოვიდა ორი პიროვნება, რომლებმაც, გაავრცელეს მომწამვლელი ნივთიერება. შედეგად, მაღაზიაში მყოფ მოქალაქეებსა და თანამშრომლებს განუვითარდათ ინტოქსიკაცია.

ინციდენტის დროს ობიექტზე იმყოფებოდნენ ბავშვებიც. რამდენიმე მათგანს დაეწყო პირღებინება, ხოლო სხვა პირებს აღენიშნებოდათ ცრემლდენა და ღებინება.

მომხდარი ფაქტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია, როგორც უკიდურესად მძიმე და საზოგადოებისთვის საშიში ქმედება. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება  უმაღლესი პრიორიტეტია.

მოვითხოვთ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, ფაქტის სრულყოფილ გამოძიებას, მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას.

ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ობიექტს, არამედ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასაც",- ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.