2026-05-14 15:23:20
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით პარკინგის მეთვალყურეს მოწყალების მთხოვნელ პირთან მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება, რის შემდეგაც კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარტან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
" შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ქალაქ გორში მოქალაქეს ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს";- ნათქვამია განცხადებაში.