2026-03-20 16:40:30
კერძოდ, 2025 წელს EUAA-მ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ 15 295 განაცხადი დაარეგისტრირა. აქედან პირველადი განაცხადი 12 788 იყო, ხოლო გადაწყვეტილება 12 408 განაცხადზე იქნა გამოტანილი. სტატუსის მინიჭების საერთო დადებითი მაჩვენებელი 0.05%-ს, ხოლო უარყოფითი 0.95%-ს შეადგენს. 11 577 განაცხადი განხილვის პროცესში იყო, ხოლო 1 026 უკან იქნა გატანილი.
ევროკავშირის ტოპ 3 ქვეყანა, სადაც ქართველები თავშესაფარს ითხოვდნენ, საფრანგეთი, იტალია და გერმანიაა.
პირველ ინსტანციაში აღიარების, ანუ სტატუსის მინიჭების მაჩვენებელმა საფრანგეთში 6%, იტალიაში 4%, გერმანიაში კი 0% შეადგინა. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, ანალოგიური 0%-იანი აღიარების მაჩვენებელია საბერძნეთში, ნიდერლანდებში 3%, ავსტრიაში - 7%, ირლანდიაში - 9%, ესპანეთში - 12%, ხოლო ბელგიაში 23%-ია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები მოიცავს ყველა პირს, რომელსაც ევროკავშირის მიერ რეგულირებული საერთაშორისო დაცვის (ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის) სტატუსი მიენიჭა. საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილებას პირველი ინსტანცია პროცედურის ფარგლებში პირველი ან განმეორებითი განაცხადის შემდეგ იღებს.
რაც შეეხება ძირითადი მოქალაქეობის შესახებ განაცხადებს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოდან გერმანიაში 31%-ით ნაკლები, იტალიასა და საბერძნეთში კი, პირიქით, 26%-ითა და 34%-ით მეტი განაცხადი შევიდა.
მთლიანობაში, 2025 წელს, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, პლუს ნორვეგიასა და შვეიცარიაში (ევროკავშირი+) საერთაშორისო დაცვის შესახებ, დაახლოებით, 822 000 განაცხადი შევიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.
კლება, ძირითადად, სირიელი აპლიკანტების შემცირებით იყო განპირობებული. კერძოდ, სირიაში პოლიტიკური მოვლენების გამო თავშესაფრის მაძიებელი აპლიკანტების რაოდენობა 2024 წლის 151 000-დან 2025 წელს 42 000-მდე, ანუ 72%-ით შემცირდა. მნიშვნელოვანი კლება თურქებისა და კოლუმბიელების შემთხვევაშიც დაფიქსირდა.
ამის საპირისპიროდ ავღანელი და ვენესუელელი აპლიკანტების რაოდენობამ მოიმატა. ვენესუელელი განმცხადებლები ევროკავშირში, ძირითადად, უვიზო მიმოსვლით მოხვდნენ, ხოლო ავღანელების უმეტესობა ბლოკის ქვეყნებში უკვე მყოფ პირებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც განმეორებითი განაცხადები წარადგინეს.
ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიაში შევიდა, რომელსაც საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია მოსდევს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი განაცხადი საბერძნეთმა და კვიპროსმა მიიღო.
2025 წლის ბოლოსთვის პირველ ინსტანციაში, დაახლოებით, 863 000 საქმე, ხოლო ყველა ინსტანციაში, დაახლოებით, 1.2 მლნ საქმე იქნა განხილული.
ევროკავშირის+-ის ქვეყნების მიერ ლტოლვილის სტატუსის აღიარების მაჩვენებელი 2025 წელს, 2024 წელთან ედარებით, 29%-მდე შემცირდა. ძირითადი მიზეზი სირიელი აპლიკანტებისთვის ნაკლები გადაწყვეტილებების გაცემაა, რომლებსაც ისტორიულად უფრო მაღალი აღიარების მაჩვენებელი აქვთ. მეორე მიზეზი ის არის, რომ მეტი გადაწყვეტილება დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ეროვნების მოქალაქეებზე იქნა მიღებული.