2026-03-09 13:58:45
ბათუმში მოქმედი პოლიციელი მაღაზიის ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა. მათი ცნობით, შემთხვევა ქსელურ მაღაზია "სპარში" მოხდა და დაკავებულია ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი ი.რ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.
""საქართველოს პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2915 ლარი.
ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა",- ნათქვამია განცხადებაში.