"ძმათა შორის ბრძოლა იყო
მტრობას ჰქონდა ადგილი
იქ მშვიდობას ამყარებდა
მხოლოდ ქალის მანდილი", - ეს ძალიან მცირე მონაკვეთია 75 წლის ეთერ მუჯირიშვილის ლექსიდან, რომელიც მან დმანისის "დღის ცენტრში" დაწერა.
ბავშვობის ოცნებები ხანდაზმულობაში სწორედ აქ აიხდინა. შეიძინა, როგორც თავად ამბობს, საიმედო მეგობრები და რაც მთავარია, უხარია ახალი დილის გათენება, რადგან ახლა უკვე ყველა დღე ერთმანეთს ნამდვილად აღარ ჰგავს. ის მხოლოდ დიასახლისი, რომელიც რუტინულად ერთსადაიმავე საოჯახო საქმეებს აკეთებს, აღარაა. შინაარსი, ახალი და სასიცოცხლოდ აუცილებელი აზრი, რომელიც მის არსებობას მიეცა, დამალული შესაძლებლობების გამოვლინებამ მოიტანა.
"ჩვენ არ გაძლევთ მხოლოდ ფულს, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას განვითარებისთვის", - ამ პრინციპით იმუშავა CENN-ის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა, "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის" საქართველოში.
და დიახ, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული და მოწყობილი "დღის ცენტრის" ბენეფიციარი გახლავთ ეთერი. ცენტრის, რომელის მთავარი საზრუნავიც, ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 70 მოხუცებულისთვის, ცხოვრების გალამაზებაა.
"ეს ცენტრი 3 წელია არსებობს. მე გასული წლის თებერვლიდან შემოვუერთდი. სოფელ ვარდისუბნიდან ვარ. ჩვენს სოფელში იყვნენ ჩამოსულები აქედან მოსამსახურე პერსონალი და ამ პროექტის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ყველაფერი ასე დაიწყო. ჩემი სოფლიდან ორნი ვართ.
ამ სიბერეში მსახიობებიც გავხდით, მომღერლებიც და მოცეკვავეებიც. ზოგს ეს სურვილები ბავშვობიდან გვქონდა და ისე აღმოჩნდა, რომ ბავშვობის ოცნებები ამ ცენტრმა აგვიხდინა. ჩვენმა კოლექტივმა მუსიკალური ჯგუფიც შევქმენით და რეგიონის სოფლებში დავდივართ კონცერტების ჩასატარებლად - სიმღერები, სკეტჩები და თოჯინების თეატრი გაგვაქვს. ვისაც რა შეუძლია და რაშიც აქვს ძლიერი მხარე, იმ უნარების გამომზიურება ხდება და ასე რაღაცნაირად ერთმანეთსაც ვავსებთ.
ყოველ დღე დავდივართ, შაბათ-კვირის გარდა. ჩვენ ოჯახის საქმეებიც გვაქვს, ბუნებრივია. საკარმიდამო ნაკვეთებს ვუვლით. ისეთი შემთხვევებიც გვაქვს ხოლმე, რომ შეიძლება ვინმეს უჭირდეს თავისი მიწის მოვლა, მასთან წავიდეთ და ყველა ერთდროულად დავეხმაროთ. ეს უდიდესი ძალაა. შევიძინე ძალიან გულითადი მეგობრები, რომლებსაც ვანდობ ყველა ჩემს საიდუმლოს და ვუყურებ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებს.
მოვდივართ, ჭადრაკს, დომინოს ვთამაშობთ, გვაქვს ათასნაირი სხვა გასართობიც. ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, რას ვაპირებთ, რა დავთესეთ, რა მოვიყვანეთ, რას მოვუარეთ. გვიტარდება სამედიცინო დახმარებაც, ექთანიც გვემსახურება, წამლებს გვაძლევენ უფასოდ. გვყავს ძალიან კარგი ექიმი. ექსპრომტად, აქ მოსიარულე ყველა ამხანაგზე შემიძლია ლექსი დავწერო. ადამიანებში დადებით თვისებებს ვეძებ, ამაზე მერე ლექსს ვაშენებ და ვუძღვნი, ასე ვახარებ მეგობრებს. ესეც ჩემი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია.
ახალგაზრდები კომპიუტერს გვასწავლიან, გვასწავლეს ტელეფონის ყველა ფუნქცია. ჩვენ ხომ არ ვართ იმდენად გათვითცნობიერებულები თანამედროვე ტექნიკაში და ისინი ცდილობენ დახმარებას, გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას.
მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციას აფინანსებს ავსტრია, მაგრამ დღესდღეობით ეს დაფინანსება შეწყვეტილია, გარკვეული მიზეზების გამო. მანამდე, მთელი წლის განმავლობაში, ექსკურსიები ტარდებოდა, უფასოდ დავყავდით მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლნისის რაიონში ყველა ეკლესია მოვინახულეთ, შესანიშნავი ისტორიული ძეგლები ვნახეთ. ამ ასაკში რაც არ მქონდა ნანახი, ეხლა ვიხილე. დაფინანსების პრობლემის გამო, ინგლისური ენის გაკვეთილებიც მოგვაკლდა, მასწავლებელი დადიოდა ჩვენთან, სხვათაშორის სამეტყველო ცოტა-ცოტა ვისწავლეთ კიდეც.
ყველა მოველით ხანდაზმულობის ასაკს, ყველა დაბერდება. და თურმე რაც არ შეგიძლია ასაკის გამო, რაზეც გაქვს ნაკლები წვდომა, ძალიან გჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ შეივსო. სიცოცხლის სტიმულს მაძლევს აქაურობა, ხალისს არ ვკარგავ, ყოველი დილის გათენება მიხარია. გვინდა ეს ასე გაგრძელდეს და კიდევ, რაც შეიძლება მეტ მოხუცს ჰქონდეს ამისი შესაძლებლობა".
"მხარდაჭერის სახლის" დმანისის ფილიალი ამ ქალაქისთვის მომავლის პროექტად ითვლება. ცენტრი 2021 წელს გაიხსნა და როგორც 60+ ასაკის ადამიანებს, ისე ახალგაზრდებსაც მასპინძლობს.
"დღის ცენტრის" პროგრამის მთავარი მიზანია, ხანდაზმულებმა დრო შინაარსიანად გაატარონ, თავი მნიშვნელოვნად, საჭიროდ იგრძნონ, აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი ნიჭები, მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეძლებისდაგვარად დაეხმარონ.
რას აკეთებენ ყოველდღიურად? თამაშობენ სამაგიდე თამაშებს, დგამენ თოჯინების თეატრს, თავადაც დადიან სპექტაკლების პრემიერებზე, ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს, სიმღერასთან ერთად, ცეკვის წრეებზეც დადიან, ასპარეზობენ სპორტულ ღონისძიებებში, თამაშობენ ჭადრაკს და ნარდს, დაკავებულები არიან ხელსაქმით, შემდეგ კი ნაკეთობები გამოფენებზე გააქვთ და ყიდიან.
"რაც მე ყველაზე მეტად მომწონს, მათ ისწავლეს ერთმანეთზე ზრუნვა. როდესაც რაიმე პრობლემა ჩნდება, ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის, ამ დევიზით ვართ. აქ ხშირად ნახავთ ერთმანეთის დაბადების დღეების აღნიშვნას. სიურპრიზებს უკეთებენ მეგობრებს და ამით ძალიან ხარობენ. რომ არა ავსტრიის ორგანიზაცია და რომ არა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, ეს ცენტრი არ იქნებოდა დღეს. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლობელია დმანისის ყველა მოქალაქე, თითოეული იმ ორგანიზაციისა და პიროვნების, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ცენტრის გახსნაში. ეს რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ", - ამბობს ეკა ოქრიაშვილი, "მხარდაჭერის სახლის" დმანისის ფილიალის მენეჯერი.
"დღის ცენტრში" იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" ახორციელებს პტოექტს "თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი", რაც აუცილებლად ცალკე გმოყოფის ღირსია.
პროექტის ფარგლებში, აქ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ახლა თავად არიან საკუთარი სკოლის პედაგოგებისთვის მასწავლებლები და ეხმარებიან, ფეხი აუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიების ხანას.
პროექტის მიზანია, თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს სოციალიზაციის, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში.
პროექტმა ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე და მათი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე მორგებული აქტივობებით აიღო სტარტი.
საგანმანათლებლო პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობდა:
· ხანდაზმული პედაგოგები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ეხმარებოდნენ სკოლის ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების დავალებების მომზადებაში;
· ინგლისური ენის გაკვეთილებს ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ კვირაში 3-ჯერ, 1 საათის განმავლობაში;
· 10-მა მოზარდმა, მოხალისე ახალგაზრდების დახმარებით, შეისწავლა ქოუდინგი, Codemonkey-ს პროგრამის გამოყენებით.
შემდეგ კი, როგორც უკვე გიამბეთ, გადამზადებულმა ბავშვებმა, ხანდაზმულებისთვის გააგრძელეს ცოდნის გაზიარება.
"ვორდის გახსნა, დოკუმენტის გამოყენება, ფეისბუქის აპლიკაციის ფუნქციების შესწავლა - მოხუცებულებს ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ და საკმაოდ სწრაფადაც ითვისებენ", - გვიყვებიან პროექტში ჩართული ბავშვები.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით - ევრკავშირის დონორობით რეგიონში განხორციელებული პროექტები სწორედ ამ მიმართულებებს ემსახურება.
მუნიციპალიტეტებში აქტიურად საუბრობენ იმ შედეგებზე, რაც ამ პროექტებმა თემს მოუტანა. გაძლიერებულია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები და გაუმჯობესებულია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა. სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანად უწევს ადვოკატირებას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ჯამში, ქვემო ქართლში დაფინანსდა 6 პროექტი:
თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომების გაზრდის გზით;
ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება (წალკის მუნიციპალიტეტი);
დღის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში (დმანისის მუნიციპალიტეტი);
თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი (დმანისის მუნიციპალიტეტი).
ახლა კი გიამბობთ კიდევ ერთ "დღის ცენტრზე" დმანისის მუნიციპალიტეტში, რომლიც ამჯერად საზოგადოების სხვა ჯგუფებზეა მორგებული. განმახორციელებელი გახლავთ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება".
პროექტის მიზანია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და სოციალურად დაუცველი, შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, საბაზო სოციალურ სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა. პროექტმა კონკრეტული ამოცანა შეასრულა, დმანისის ისტორიაში პირველი მსგავსი შინაარსის დღის ცენტრი დააფუძნა და 6-დან 18 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახადა.
პრეოქტის ფარგლებში, ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაეცა 180 კვადრატული მეტრის მოცულობის შენობა, რომელიც გარემონტდა და მზადაა სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის. გარდა რემონტისა, ცენტრისთვის შეძენილ იქნა ინვენტარი და ავეჯი. პროექტის ფარგლებში, ასევე შეირჩა და გადამზადდა შესაბამისი პერსონალი და სპეციალისტები.
დღის ცენტრში ბავშვების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია. მათ შესაძლებლობა აქვთ, მთელი დღე ცენტრის სივრცეში დაჰყონ. უზრუნველყოფილნი არიან კვებით, უტარდებათ სხვადასხვა თერაპია და დროს ატარებენ სპეც. მასწავლებლების მხარდაჭერით. დაწესებულებას ჰყავს ადრეული განვითარების სპეციალისტი და მალე ეყოლება ქცევითი თერაპევტიც. დღის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის პროგრამის სტანდარტს და გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში დამატებითი სერვისების მიწოდებაც შეძლოს მოსახლეობისთვის.
"მშობლებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, აქ დღის განმავლობაში უსაფრთხოდ, ძალიან კარგ გარემოში დატოვონ თავიანთი შვილები. ეს დიდი მხარდაჭერაა. ცენტრში ისინი მიიღებენ როგორც აკადემიურ უნარებში განვითარების შესაძლებლობას, ასევე გაივლიან სოციალიზაციას, ურთიერთობებს ისწავლიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ მუნიციპალიტეტისთვის.
კარგად მოგეხსენებათ, დღესდღეობით გარკვეული შეფერხების ბავშვები არიან უფროდაუფრო მეტნი. დედაქალაქს მოწყვეტილია ბევრი ადამიანი და ყველას არ მიუწვდება ხელი, რომ ბავშვი თბილისში წაიყვანოს. საუბარია შორეულ სოფლებზე, მთის სოფლებზე და აქვე, ამ მუნიციპალიტეტში გახდება მათთვის საჭირო სერვისები ხელმისაწვდომობა შესაძლებელი.
სამომავლოდ, რესურსიც გაძლიერდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კუთხით და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდება ცენტრი. როგორც იცით, რაიონი ორენოვანია და აზერბაიჯანულ კონტიგენტს ძალიან უნდა, რომ თავის ენაზე მიიღოს მომსახურება სპეციალისტებისგან. ამას ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ. ახლო მომავალში, ვფიქრობ, დაწესებულება სრულად მოახერხებს იმას, რომ აღარ დასჭირდებათ მშობლებს ამხელა გზაზე სიარული. როდესაც ბავშვს ასეთი პრობლემა აქვს, მისთვის ტრანსპორტირებაც რთული ხდება რიგ შემთხვევებში და გვიწევს, მოზარდის ნერვულ სისტემასაც გამოცდა მოვუწყოთ. სტარტი ავიღეთ, რაც მთავარია და იმედიანად ვართ, ძალიან მოგვწონს ეს ყველაფერი", - ამბობს ფსიქოლოგი, მარიამ დევნოზაშვილი.
ასევე, უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, უპრეცენდენტო პროექტია რეგიონისთვის "თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი". ამასთანავე, პროექტი არის საუკეთესო მაგალითი იმ სარგებლისა, რომელიც შეიქმნა ერთობლივი ძალისხმევით, სახელმწიფოსა და არარსამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით. ცენტრი, ამ ეტაპზე, მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაციის პროცესშია, სამომავლოდ კი, სრულად გახდება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი.
ცენტრის მიზანია ჰარმონიული, ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის, ადრეული განვითარების მხარდამჭერი სერვისის შექმნითა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
ის გააუმჯობესებს როგორც ბავშვების ცხოვრების ხარისხს, ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ასეთი საჭიროებების მქონე პატარების მშობლების ყოფაზე.
განვითარების ეტაპების დარღვევების დროული იდენტიფიცირება, მუნიციპალიტეტის 16 ბაღში უკვე მიმდინარეობს, შემდეგ ეტაპზე კი ბენეფიციარების მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვა მოხდება.
პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს LAG-მა, პატნიორ ორგანიზაციასთან ერთად, სივრცისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკის, სათამაშოებისა და ავეჯის შეძენა შეძლო. ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს სკრინინგ ინსტრუმენტის გამოყენების, ქცევის გამოყენებითი ანალიზისა და ინტერვენციონისტის გადამზადების კურსები.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩატარდა საინფორმაციო/საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან. სკრინინგ-ინსტრუმენტის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების, ასევე, მშობლებთან ბავშვის საჭიროებების კომუნიკაციის შესახებ, ბაღის აღმზრდელებსა და მედ. პერსონალს ჩაუტარდა გადამზადებები.
"ცენტრი გათვლილია 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის. ძირითადად, 0-დან 3-წლამდე ხდება შინ ინტერვენციონისტის ჩართვა. აქ არ არის მხოლოდ შშმ ბავშვებზე საუბარი, ეს არის ადრეული განვითარების შეფერხების მქონე პატარების მხარდაჭერის პროგრამა. ახლა თეთრიწყაროს ყველა ბაღში მიმდინარეობს სკრინინგის პროცესი და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება საჭიროება რომელიმე ბავშვთან ინტერვენციონისტის დახმარების, შეუმუშავდება მას ინდივიდუალური განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, დადგინდება სამუშაო გრაფიკიც. იმ რვა ვიზიტზე, რომელიც განკუთვნილია თვეში თითოეული მოზარდისთვის, გადაწყდება, ინტერვენცია მოხდება სახლში, ბაღში, სადაც ბავშვი სწავლობს თუ ცენტრში.
ცენტრი, საწყის ეტაპზე, გათვლილია 20 პატარაზე. უკვე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება და ყველა საჭირო ნებართვის მიღება. სწორედ ამ პროცესში ვართ და იმედია, უახლოეს პერიოდში, გვექნება ოფიციალური თანხმობა იმისა, რომ დაწესებულება შეუდგეს მუშაობას.
ეს ობიექტი იქნება ადრეული განვითარების პროგრამის განმახორციელებელი ლოკალურ დონეზე და აღარ მოვახდენთ იდენტიფიცირებული ბაშვების გადამისამართებას მეზობელ მუნიციპალიტეტებში, ძირითდად თბილისში, რაც ხარჯებთან და დიდ შეფერხებებთან არის დაკავშირებული.
სპეციალისტები ხელს შეუწყობენ ბავშვების ინტეგრაციას როგორც მშობლებთან, ასევე თანატოლებთან და მთლიანად საზოგადოებასთან. მოტორიკული ფუნქციების, კოგნიტური უნარების განვითარებაზე იქნება ცენტრი ორიენტირებული. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვთან დროულად მოხდეს იმ განვითარების შეფერხების აღმოფხვრა, რომელიც დადგინდა. დროული იდენტიფიცირებით, შესაძლებელია, ძალიან მოკლე ვადებში, ბავშვი სტანდარტული განვითარების დონეს დაეწიოს", - აცხადებს ცენტრის მენეჯერი, ნინო ტიკურიშვილი.