რუსთავში, ნარკოტიკული თრობის ქვეში მყოფი 2 მოსწავლე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. [ვიდეო/video]
როგორც მოზარდებმა ექიმებს განუცხადეს, მათ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა მოიხმარეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, 14 წლის გოგო და 13 წლის ბიჭი რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და ისინი კლასელები არიან.
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მოზარდებს საავადმყოფოში შეყვანისას თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.
"2 მოზარდი, ბიჭი და გოგო შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისინი კლასელები არიან. თავიანთივე განცხადებით, რაღაც მოწიეს და იმის შემდეგ დაეწყოთ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ალბათ მალე სახლში გავწერთ. კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს ეს მოზარდებისგან ზუსტად ვერ გავიგეთ, თუმცა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან საქმე არ გვაქვს", - აცხადებს დავით გოგოძე.
ინფო რუსთავი ფაქტის გადასამოწმებლად 25-ე საჯარო სკოლაში მივიდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მიღება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. მისი თქმით, 14 წლის გოგომ, თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა მანდატურის სამსახურიც. დირექტორის ინფორმაციით, ბავშვები შარტავას გამზირზე იმყოფებოდნენ.