რუსთავში თაღლითობის ბრალდებით კაცი დააკავეს

2026-10-17 18:09:46

რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული, მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 75 104 ლარი მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.

დაკავებულს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში  მიმართავს.