მიწის ნაკვეთების მფლობელები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ [video]

2026-09-11 18:59:41

იაღლუჯის ფერდზე არსებული, რუსთავის შემოსასვლელში არსებული და ლემშვენიერას მიწის ნაკვეთების მფლობელები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ.

შეხვედრა ემოციურად და მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თავდაპირველად შეხვედრის მთავარი თემა იაღლუჯის მიწის ნაკვეთების აზომვა და რეგისტაცია იყო.

"არ განელებულა ეს პროცესი, ახლაც, ამ წუთასაც ამ საკითხებზე მუშაობენ. მიმდინარეობს იდენტიფიკაციის პროცესი და შეიძლება არსებობდეს ბევრი სამართლებრივი პრობლემა. ამ პრობლემებს, რეგისტრაციისას რომ არ წავაწყდეთ, რომელიმე თქვენთაგანის უფლება რომ არ იყოს დარღვეული ამ ყველაფერს სჭირდება ბევრი შრომა და გაბნეული დოკუმენტის თავმოყრა. ჩვენი თანამშრომლები ზიან და წერენ სად რომელი ამხანაგობა იყო, სად რომელი მებაღეობა იყო. ძალიან ბევრია არასრული დოკუმენტაციის მქონე მიწა. ამიტომაც იწელება დროში ეს პროცესი. აზომვისა და რეგისტრაციის თანხასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვიმსჯელებთ",- განაცხადა ილია ჯალაღანიამ შეხვედრისას.

შემდეგ დარბაზი იაღლუჯის მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა დატოვეს და დარჩნენ რუსთავის შემოსასვლელის მიწის მფლობელები.

მფლობელები სახელმწიფოსგან ითხოვენ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესის შეჩერებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ განაცხადა, რომ მდგომარეობა ჯერ უცვლელია.

"შემოსასვლელთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მდგომარეობა უცვლელია. შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს",- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრის ჩანიშვნა, რწმუნებულსა და მიწის მეპატრონეებს შორის.