რა თანხა გამოყო მგფ-მა რუსთავში მიწების გამოსასყიდად?

2026-07-28 16:29:18

რუსთავის შემოსასვლელში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის რეგისტრირებული მიწების გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება 93 203 172 ლარია.

ფონდმა ეს ინფორმაცია პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატს, სოფიო ხორგუანს სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა.

მგფ-ის ინფორმაციით, პროექტის არეალში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 1 797 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 579 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნული ქონებების შეფასებული ღირებულება 93 203 172 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს უკვე გამოსყიდული აქვს 557 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 475 165 კვადრატული მეტრია. ამ ქონებებზე გადახდილია 28 034 731 ლარი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ამ მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე დაახლოებით 59 ლარია, რაც ეროვნული ბანკის 28 ივლისის მონაცემებით 22.5$-ია.

ცნობისთვის, არის ისეთი მიწებიც, რომლებიც მფლობელებს გაფორმებული არ აქვთ და რეგისტრაციის პროცესში არიან. რის გამოც, სავარაუდოა, რომ ნაკვეთების გამოსყიდვის ღირებულება გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის შემოსასვლელში მიწების მფლობელების ნაწილს ნაკვეთების გაყიდვა არ სურს, რის გამოც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრები იმართება.