რუსთავში ძმებმა მამაკაცი დაჭრეს

2022-10-16 00:04:36

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მდებარე "ჰაიდელბერგ" ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-გარდაბნის გზაზე სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, სამმა პირმა, ძმებმა ბიძაშვილთან ერთად, კაცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.

არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კლინიკა ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავის პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ძმა და ინციდენტში მონაწილე მათი ბიძაშვილი უკვე დააკავა, მესამე ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით კი, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები