რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 50-მდე მოვაჭრემ ბაზრის ტერიტორიაზე აქცია გამართა. [ვიდეო/video]
მოვაჭრეები ღია ტიპის ბაზრის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, გასაყიდად შეძენილი ხილ–ბოსტნეული უფუჭდებათ.
ბაზარი უკვე 1 თვეა დაკეტილია, იქ დასაქმებული პირები კი შემოსავლის გარეშეა არიან დარჩენილები.
რუსთავის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. მათი თქმით, ადმინისტრაცია მუშაობს, რომ ყველა ის რეკომენდაცია დააკმაყოფილოს, რომელიც აგრარულ ბაზრებთან მიმართებაში არსებობს. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა ბაზარი რამენიმე დღეში გაიხსნას.
მოვაჭრეების აქციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გამოეხმაურა. როგორც შოთა რეხვიაშვილმა ინფო რუსთავთან განაცხადა, უახლოეს დღეებში ღია ტიპის ბაზრები გაიხსნება.
"ჩვენ ვართ პროცესში, ღია სივრცის აგრარული ბაზრების გახსნის. დაწყებულია ტერიტირიების და სივრცეების მოწესრიგება, დავამშვიდებ ამ ხალხს, ჩვენც გვჭირდება ადგილობრივი პროდუქტის უფრო დიდი ოდენობით რუსთავში მომარაგება. სეს-ს აქვს გადამწყვეტი სიტყვა, მათ უნდა გვითხრან რომ აქ დაავადების გავრცელების რისკი აღარ არის, ეს არის დღეს, ხვალ მოცემულება და ჩვენ გავსხნით ამ ბაზრებს", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა ინფო რუსთავთან.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, 80 აგრარული ბაზრიდან 24 ფუნქციონირებს.