"თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი არ არსებობს"

2021-10-18 18:09:56

რა იწვევს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ყველაზე ხშირად თმის ცვენას, თუ არის გამორჩეულად კრიტიკული ასაკი ან მდგომარეობა, რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის და რამდენად ეფექტურია ის საშუალებები, რაც თმის ცვენის საწინააღმდეგოთ აფთიაქებში იყიდება - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს:

- მამაკაცებში ყველაზე ხშირი მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა, ქალებში კი - ტელოგენური თმის ცვენა. რაც შეეხება მაპროვოცირებელ ფაქტორებს, ტელოგენური თმის ცვენა შესაძლოა სხვადასხვა წინაპირობამ გამოიწვიოს. მათ შორისაა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ინფექციების გადატანის შემდგომი პერიოდი, ასევე სხვადასხვა ტიპის მიკროელემენტების ნაკლებობა. მაგალითად, ერთ-ერთი ხშირი მიზეზი რკინის ნაკლებობა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტია. გარდა ამისა, დღეისათვის არსებობს სამეცნიერო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პოსტკოვიდურ პერიოდსაც ძალიან ხშირად ქალებში თმის ტელოგენური ცვენა ახასიათებს. მამაკაცებში, როგორც აღვნიშნე, ყველაზე ხშირი მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა, რომელიც, როგორც წესი, გენეტიკური განწყობისაა. თუ ანამნეზურად, გენეტიკაში მსგავსი ტიპის პრობლემაა, უფრო მაღალია რისკი, მამაკაცს გარკვეულ ასაკში თმის ცვენა დაეწყოს. როგორც წესი, ანდროგენული ალოპეცია იწყება 20 წლის ასაკიდან, თუმცა შესაძლებელია დაიწყოს უფრო ადრე ან უფრო გვიან.

- თმის ცვენის შეჩერება ან პრევენცია შესაძლებელია?

- გააჩნია, რა ტიპის თმის ცვენაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მამაკაცებისთვის ეფექტური სამკურნალო პრეპარატი დღეისათვის არ არსებობს. არის გარკვეული ტიპის ჰორმონალური პრეპარატები, თუმცა მათ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვთ. შესაბამისად, როგორც წესი, ის არ ინიშნება რადგანაც რისკისა და სარგებლიანობის შედარების დროს, რისკი უფრო მაღალია. არსებობს გარეგანი გამოყენების პრეპარატი, თუმცა, სამწუხაროდ, არც ის გამოირჩევა ეფექტურობით. რაც შეეხება ტელოგენურ თმის ცვენას, პირველ რიგში, მისი მიზეზი უნდა დადგინდეს. თუ ტელოგენური თმის ცვენის მიზეზს წარმოადგენს კონკრეტული მიკროელემენტების დეფიციტი, რა თქმა უნდა, მისი შევსებაა აუცილებელი. თუ ამ ტიპის თმის ცვენის მიზეზი მშობიარობის შემდგომი პერიოდი ან ინფექციაა, მაგალითად, პოსტკოვიდური პერიოდი, მას არანაირი მკურნალობა არ სჭირდება და მდგომარეობა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გამოსწორდება. ამის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ხშირად სხვადასხვა ტიპის ვიტამინსა და სამკურნალო პრეპარატს ნიშნავენ. რაც, არ არის რეკომენდებული, პაციენტები ტყუილად მიიღებენ მსგავსი ტიპის დანამატებს და შედეგიც არ ექნებათ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანდროგენული ალოპეცია შესაძლებელია ქალებშიც შეგვხვდეს. მსგავს შემთხვევაში ანდროგენებზე ანუ მამაკაცის ჰორმონებზე შეიძლება გაკეთდეს ანალიზები და სწორი დიაგნოზიც დაისვას.

- სააფთიაქო ქსელში იყიდება უამრავი შამპუნი, დასაბანი საშუალება, რომლითაც ირწმუნებიან, რომ ეფექტური შედეგი მიიღწევა, მსგავსი საშუალებებით, რეალურად, შესაძლებელია თმის ცვენის შეჩერება?

- თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს. არ მოიპოვება კონკრეტული ნივთიერება, რომელსაც გამოიყენებენ შამპუნსა თუ სხვა საშუალებაში და ის პრობლემას შეაჩერებს. შესაბამისად, ეს მარკეტინგული ხრიკია და არ უნდა მოვტყუვდეთ. თუმცა, თმის სწორი მოვლა მნიშვნელოვანია. ადამიანებმა აუცილებლად თმისა და კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიონ ხარისხიანი დასაბანი საშუალება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თმის კონდენციონერის გამოყენებაც.

- გარდა ამისა, საზოგადოებაში გავრცელებულია სხვადასხვა ხალხური მეთოდი, მაგალითად, კვერცხის, სხვადასხვა მცენარის ნახარშის გამოყენება, ეს რამდენად ეფექტურია?

- აბსოლუტურად გაუმართლებელია და არ არის რეკომენდებული. მეცნიერება და მედიცინა მსგავს მეთოდებს არ აღიარებს და არც მათი ეფექტურობა დგინდება რამით. ანდროგენული ალოპეციის დროს ყველაზე ეფექტური საშუალება თმის გადანერგვაა.

- მიეცით რამდენიმე რჩევა ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, რა უნდა გააკეთონ წინასწარ, პროფილაქტიკისთვის, რომ თმის ცვენა თავიდან აირიდონ?

- ანდროგენული თმის ცვენის თავიდან არიდება შეუძლებელია. შესაძლოა სწორი მოვლით ეს პროცესი დროში გახანგრძლივდეს და გამელოტების რეალური შედეგი გვიან დადგეს. თუმცა, მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ გრძელი თმის ტარება შეიძლება თმის ცვენის მაპროვოცირებელი გახდეს. ტელოგენური თმის ცვენის პრევენციისთვის მიკროელემენტების კონტროლია საჭირო. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვარცხნილობას. თმის ცვენა შესაძლოა გამოიწვიოს იმ ტიპის ვარცხნილობებმა, რომლებიც გულისხმობს თმის მოქაჩვას, მჭიდროდ შეკვრას. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული თმის საშრომისა და უთოს გამოყენება.