კულუმბეგოვი კოვიდის სამკურნალო ახალ საშუალებებზე

2021-09-28 15:48:56

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი სასურველი ტემპით ნამდვილად არ მიმდინარეობს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინის მიმართ ნდობა დღემდე არ აქვს, სამაგიეროდ ძალიან ბევრი ელოდება კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებს. ამ თემაზე რამდენიმე კითხვას ცნობილმა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.

- ჯანმომ "რეგენერონით" მკურნალობის რეკომენდაცია გასცა. რა წამალია ეს, ჩვენთან გამოიყენებენ თუ არა და რა შემთხვევაში?
- "რეგენერონი" არის წამალი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილს. ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი "რეგენერონი" გაუკეთეს ტრამპს, როდესაც ავად იყო. ეს არის მზა ანტისხეულები, ხელოვნურად სინთეზირებული "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ. ის ძვირად ღირებული პრეპარატია. დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის მისი შეძენა ძნელია და არც წარმოების ინტენსივობაა ისეთი, რომ ყველა დააკმაყოფილონ. მდიდარი ქვეყნები მას წარმატებით იყენებენ, ძირითადად, რისკჯგუფის პაციენტებთან. დაავადებიდან 10 დღეზე მეტი არ უნდა იყოს გასული, თორემ მერე ამ პრეპარატის გამოყენებას აზრი არ აქვს. ბევრ ქვეყანაში მას ამბულატორიულად იყენებენ, მაგალითად, აშშ-ში პაციენტები წვებიან დღის სტაციონარში, გადაისხამენ პრეპარატს და რამდენიმე საათის შემდეგ სახლში მიდიან. ის მკვეთრად ამცირებს ალბათობას, რომ რისკჯგუფის ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდეთ - ბოჭავს ვირუსს და აბრკოლებს ორგანიზმში მის გამრავლებას.

- აცრის მაგივრად იყენებენ?
- არა, აცრის შედეგად ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ეს კი მზამზარეული ანტისხეულებია.

- ან ერთი უნდა გაიკეთო, ან - მეორე?
- ამ პრეპარატს აცრილ ადამიანსაც უკეთებენ, აცრა მას ხელს არ უშლის.

- აცრილებს ნაკლები ანტისხეულები აქვთ, ვიდრე კოვიდგადატანილებსო, წერდა
ერთი ცნობილი ექიმი თავის ფეისბუკგვერდზე.
- ეს არ არის გასაკვირი, თუმცა სხვა­დასხვა კვლევა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს აქვეყნებს... ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების იმუნიტეტი ძალიან მყარია. თუმცა არ უნდა დაველოდოთ კოვიდის ბუნებრივად გადატანას და საჭიროა აცრა. თუ ვაქცინირებული გადაიტანს ინფექციას, მას მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი დარჩება. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ ელოდება ვირუსის ბუნებრივად გადატანით გამომუშავებული მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და ამის გამო აცრაზე უარს არ ამბობს. ადამიანებს მაინც სჭირდებათ ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, გადაიტანეს თუ არა კოვიდი.

- ახალ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატებზე რას იტყვით? ცნობილია, რომ რამდენიმე კომპანია მათ შესაქმნელად მუშაობს.
- ბევრი პრეპარატი უკვე მეორე, მესამე კვლევის ფაზაშია; "ფაიზერიც" ატარებს კვლევას, მაგრამ ჯერჯერობით ფინალურ ეტაპზე არც ერთი არ გასულა. პირველადი შედეგები წლის ბოლოს უნდა იყოს. ვნახოთ.

- ბოლო დროს კოვიდის რომელიმე ახალი თვისება ხომ არ გამოვლინდა, რომელიც საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის?

- ახალი თვისება არა...
ამჟამად ყურადღებას იქცევს კოვიდის მიუ შტამი, რომელიც პირველად კოლუმბიაში აღმოჩნდა, ახლა კი დასტურდება მსოფლიოს 39 ქვეყანაში, მათ შორის - თურქეთსა და რუსეთში, მაგრამ მისთვის შემაშფოთებელი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, ის ჯერ მხოლოდ ინტერესის ვარიანტია. რაც უნდა ძლიერად სახეცვლილი იყოს მიუ, თუ გავრცელების სიჩქარით დელტა ვარიანტს არ გაუსწრებს, ის დომინანტური ვერ გახდება, ანუ დელტას ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ჯერჯერობით დასკვნები მაინც ადრეა.