რატომ შეჩერდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

2017-03-25 20:48:05

სამხარეო ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე  გაამახვილა ყურადღება და თვითმმართველობის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციაც გააცნო. საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ „ინფო რუსთავთან“ გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები თუ ვალდებულებებს არ ასრულებენ მათ ჯარიმები ერიცხებათ, ზოგ შემთხვევაში კი კომპანიები „შავდება“. მერის განცხადებით, რუსთავში ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც საფეხბურთო მოედნების გაკეთება ევალებოდა, „გაშავდა“. ამიტომ საჭირო გახდა ექსპერტიზის ჩატარება, რათა შეფასდეს შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები, ამის შემდეგ კი ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. „თუკი კომპანია თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მას ერიცხება ჯარიმები, თუკი ვხედავთ რომ ჯარიმები არ არის გამოსავალი ამ შემთხვევაში კომპანიები შავდება, ასეთი პრეცენდენტი გვქონდა ჩვენ 2013-ში, 2014-ში, 2015-ში, 2016-ში და წელს 2017-შიც გვქონდა ბოლო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აკეთებდა საფეხბურთო მოედნებს ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და გაშავდა“ - აღნიშნა დავით ჯიქიამ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ კომპანიას მოედნები  მაიაკოვსკის,ფიროსმანის, ლესელიძის,/მეტლურგთაქუჩაზე და მე-20 მიკრორაიონში, ასევე საბავშო მოედანი მე-12მიკრორაიონში უნდა გაეკეთებინა. აღნიშნული საკითხით „ინფო რუსთავი“ რამდენიმე თვის წინაც დაინტერესდა.