მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

2019-04-27 15:35:59

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით ზუსტად 15:32 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.

ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.

ცეცხლის გადმოსვლისთვის სამი პირობა არსებობს:

პირველი პირობაა, რომ ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. რადგან  სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი დღემდე შინარჩუნეს.

მეორე პირობაა, საბაწმინდელი ბერების ლოცვა. 

დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის, პატრიარქი ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ, პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. თავიდან ეს ცეცხლი არ არის მხურვალე და იგი ხელს არ წვავს. მოგვიანებით კი ზეციური ცეცხით მთელს იერუსალიმში ანთებენ სანთლებს და კანდელებს.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ. 

მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველად წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტონიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრირქი ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

RUSTAVI