2026-11-09 11:36:27
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",- ნათქვამია განცხადებაში.