"გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ"

2026-10-08 13:17:52

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აქტივისტი სერგი ყანჩელი საქართველოს პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს. აქტივისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ შესაბამისი პირების მიმართ საჩივარი უკვე შეიტანა, რათა მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს.

"გამარჯობა მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც.
სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ.

მომიწევს აგიხსნათ რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, 
გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაცრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკედრზე და სხვა სხეულის ნაწინელებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი. 

მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.

ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა  პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა.
რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამინების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული.

ცალკე უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო Natia Tokhadze-ს და Keti Shartava-ს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის ამ საშინელ და ტკივნეულ პერიოდში",- დაწერა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ყანჩელმა.