2026-10-08 11:13:12
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანხმლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი აღნიშნული აპარატი დააზიანეს და მასში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხმლები არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.