საზღვარზე ბუნებრივი აირის ავზით მედიკამდენტების შემოტანა სცადეს

2026-10-02 12:45:19

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა  სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მიერ მართული მსუბუქი ავტომობილის საბარგულში განთავსებულ ბუნებრივი აირის ავზში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები გადმოიტანა, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 44 892 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.