2026-08-12 11:21:19
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი დამტკიცდა. ა
მის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა.
სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.
ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.
სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.
ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ;
1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.
დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების მისამართებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ოფიციალურ გვერდზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.