ირლანდიაში ქართველმა ბიჭმა ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა [Video]

2026-07-22 11:31:01

ირლანდიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ, ზღვაში დახრჩობის პირას მყოფი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური გამოცემა Dublin Live ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დამსვენებელი ზღვამ გაიტაცა, რა დროსაც მის დასახმარებლად გიორგი ჯოლოგუა მივიდა და შეძლო მისი გადარჩენა.

"რატომღაც იმ დღეს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთის მიმართულებით მივდივარ ხოლმე. ნავიდან, მარცხენა მხარეს, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით რაღაც შავი შევნიშნე. თავიდან მეგონა, ტივტივა ან თოლია იყო, თუმცა შემდეგ დავინახე რომ მოძრაობდა. თავს გმირად არ მივიჩნევ, ჩემს ადგილას ნებისმიერი ადამიანი ასე მოიქცეოდა“,- ამბობს გიორგი ჯოლოგუა გამოცემასთან საუბრისას.

Dublin Live წერს, რომ გიორგი ჯოლოგუა ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელია და წელიწადნახევრის წინ ჩავიდა დუბლინში. გამოცემის ინფორმაციით, მისი ქმედების შემდეგ განიხილება შესაძლებლობა, რომ მას მეუღლესთან და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად ქვეყანაში დარჩენის უფლება მიეცეს.