2026-07-19 13:25:00
კახეთში რუსი ტურისტის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებული ბიჭის ოჯახის წევრი წერს, რომ რუსმა ტურისტებმა მათი ქორწილის სუფრას ჯერ წყალი, შემდეგ ღვინო გადაასხეს, ბოლოს კი შეაფურთხეს.
“ეს ბიჭი ჩემი დეიდაშვილის შვილია... რომელსაც გუშინ ძმის ქორწილი ჰქონდა. ულამაზესი სუფრით და უცებ, ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს , გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს... ხალხი დაიშალა, ისინი ისევ აგრძელებდნენ პროვოკაციას.... ხედავდნენ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე - პაპუასი... გრუზინი სვინია... და როდესაც ქართულს ცეკვავდნენ ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. აპარატურას... ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეგვარებინა... სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ და როდის და როგორ არც ვიცით, მაგრამ ნეფის ძმა ავიდა, რომ დალაპარაკებოდა და ის ქალბატონი ყელში სწვდა... ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ... მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ... სამწუხაროდ...“ - წერს ქორწილის სტუმარი სოციალურ ქსელში.