2026-06-21 14:06:06
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რუსთავის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო.
ესენია: "ამხანაგობა ჯი ეი გრუპ", შპს "ტასჰაბი" და შპს "ხმალაძე არქიტექტორები".
როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ამხანაგობა "ჯი ეი გრუპ" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირდა.
სხდომის ოქმიდან ვიგებთ, რომ პრეტენდენტების მიერ მიღებული ხარისხის ჯამური ქულის საკონკურსო წინადადების ფასთან აგრეგირების შედეგად, საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტად შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ გამოვლინდა.
გამარჯვებულად გამოვლენილმა პრეტენდენტმა, შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის პროექტირება მგფ-ს 4 737 600 ლარად შესთავაზა. ტენდერი ახლა ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "ხმალაძე არქიტექტორები " 2010 წელს რუსთაველმა არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ დააარსა, რომელიც კომპანიის 100% წილის მფლობელი და ასევე დირექტორია.
შეგახსენებთ, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 000 000 ლარს შეადგენს. უფრო დეტალურად, თუ რა იქნება განთავსებული კომპლექსში შეგიძლიათ ნახოთ აქ.