მარნეულში დააკავეს ბიჭი, რომელიც კლასელს ფულსა და ძვირფასეულობას სძალავდა

2026-06-15 11:13:37

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.

სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.