2026-06-04 14:07:05
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის გამო შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს იძულებით ჩამოართმევენ.
29 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებას ხელს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აწერს.
დოკუმენტში ვკითხულობთ: "ფონდი მიუთითებს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ №81.05.02.138) მესაკუთრე შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალთან“ (ს/ნ 211385268) შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების (ნაწილის) გამოსყიდვასთან დაკავშირებით ვერ შედგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა".
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გზის მშენებლობა აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების პროექტად მიიჩნევს და მგფ-ს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა.
"წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და ფონდს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ფონდის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის (კმ 5+000-8+300) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე №52-ში მდებარე 151117.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №81.05.02.138) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსი“ (ს/ნ 211385268).
დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი – 14 031 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები (ს.კ № 81.05.02.138).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
შესაბამისად, ვინაიდან ფონდის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება",- ვკითხულობთ დოკუმენტში.