2026-06-02 12:42:37
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
გამოძიებით დადგენილია რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა გართულდა. აღნიშნულის გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 - 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას.
ასევე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.
გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია.
საქართველოს პროკურატურის და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.
ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.
მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო",- განაცხადეს პროკურატურაში.