2026-05-21 11:35:44
რუსთაველი კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებამდე სკოლის დამთავრებას ბოლო ზარს და ბანკეტს აღნიშნავენ.
რამდენადაც ბანკეტი სასიამოვნო საღამოა, იმდენად ძვირადღირებული სიამოვნებაა, რადგანაც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის სამზადისი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
რა უჯდებათ რუსთაველ კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს ბანკეტი?
"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება რუსთავში გამოსაშვები საღამოს მოწყობა.
თუ გოგონა უკვე შეკერილ და გამზადებულ კაბას ყიდულობს, ძირითად შემთხვევაში რუსთაველებს უწევთ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და ბაზრობებს მიაკითხონ. გოგონებს კაბების შეძენა იაფფასიანი სეგმენტის ბრენდებში 90-დან 300 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე, თუმცა შეიძლება მათმა ფასმა 500 ლარსაც გადააჭარბოს. დაახლოებით ამ ფასებში შეგიძლიათ ფეხსაცმლის შეძენაც.
რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საზოგადოებაში ძვირადღირებულის სტატუსს ატარებს, კაბების და ფეხსაცმელების ფასები საკმაოდ მაღალია. კაბების ფასი 800 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდეა, დაახლოებით იგივე ფასები აქვს ფეხსაცმელებსაც.
თუ ვერც მაღაზიაში მოიწონეთ სამოსი და არც ბაზრობებზე გსურთ შეიძინოთ, მაშინ მოგიწევთ კაბა საკუთარი დიზანით მკერავს შეაკერინოთ. ამ შემთხვევაში კაბის ფასი დამოკიდებულია იმ ნაჭრის სიგრძეზე, რომელსაც სამოსის შესაკერად იყენებთ, მის ხარისხზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ფასი დაახლოებით 250 -დან 400 ლარამდე მერყეობს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება 400 ლარსაც გადააჭარბოს.
გოგონებისთვის სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟისა, ფრჩხილებსა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ.
ფასი კი სალონების პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულიდან გამომდინარეობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსთავში საბანკეტოდ სალონის მომსახურება გოგონებისთვის 150 -დან 300 ლარამდე მერყეობს. ფრჩხილების შილაკის ფასი კი 35-დან 120 ლარამდე.
გამოდის, რომ რუსთაველ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 400 ლარიდან 1000 ლარამდე უჯდებათ.
რაც შეეხება ბიჭებს, ბიჭები უმეტესად პერანგს, შარვალს, ფეხსაცმელს იცმევენ და ჰალსტუხს ან ე.წ ბაბოჩკას იკეთებენ.
მომხმარებლებში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა. ფასები იქ 300 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 150 -დან 400 ლარამდე შეგიძლიათ. პერანგის შეძენას კი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.
საშუალოდ ბიჭებს გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 700 ლარიდან – 1000 ლარამდე დაუჯდებათ.
ყველაფერი აქ არ სრულდება. წინ იმ გარემოს შერჩევაა, სადაც მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნონ.
თუ რუსთაველები გამოსაშვები საღამოს მოწყობას რუსთავის რომელიმე რესტორანში გადაწყვეტენ, ფასები მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 35 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს.
და ბოლოს, ის ერთადერთი, რაც ადამიანს მოგონებებთან ერთად რჩება - ფოტო/ვიდეო გადაღება, რის ხარისხსაც კურსდამთავრებულები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რუსთავში ფოტოგრაფის მომსახურება მინიმუმ 1000 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე მერყეობს, ვიდეო გადაღების ფასი კი იმისდა მიხედვით, გინდათ თუ არა დრონის მომსახურება და ა.შ. 1000-1500 ლარია.
თუ გავითვალისწინებთ სხვა წვრილმან ხარჯებსაც, რომელიც ბიჭებისსთვის დაკავშირებულია ავტომობილით უზრუნველყოფასთან, ყვავილების ყიდვასთან, ქალებისთვის კი სხვადასხვა აქსესუართან, შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველ კურსდამთავრებულებს ბანკეტი დაახლოებით 1000-2000 ლარი უჯდებათ.