სკოლების და ბაღებსი რეაბილიტაცია/მშენებლობა, სპორტკომპლექსის მშენებლობა და სხვა

2026-04-30 18:05:11

მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში 8 სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობას გეგმავს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ფონდში განუცხადეს დაგეგმილია 1-ლი, მე-2, მე-3 სკოლების მშენებლობა, ხოლო მე-10, მე-11, მე-16, 23-ე და 24-ე სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როდის გამოცხადდება ტენდერები და რა ღირებულების უცნობია.

მგფ ასევე გეგმავს N31 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, N21-ს ძველი შენობის მაგივრად ახლის აშენებას და კიდევ 300 და 450 ბავშვზე გათვლილი ორი ბაღის მშენებლობას. N17 ბაღის ახალი შენობის ასაშენებლად პროექტის გაკეთებას.

ფონდი აპირებს რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას, ასლანიკაშვილის სკვერის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობას, მუნიციპალური შენობის წინ, თავისუფლების მოედნის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციას.

მგფ წელს აპირებს რუსთავის საფეხბურთო სტადიონის დემონტაჟს  და მის ადგილზე 10 000 მაყურებელზე გათვლილი უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებას.

ტყე-ჭალის მიმდებარედ იგეგმება მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა, აღნიშნული ერთადერთი პროექტია, რომლის შესახებაც სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით ვიცით მისი მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი. მგფ მის ასაშენებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 60 000 000 ლარის დახარჯვას აპირებს.