2026-04-16 14:01:46
რუსთავში ორმული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
ქალაქში სხვადასხვა ქუჩაზე დაზიანებული გზებისა და ტროტუარების ნაწილობრივი შეკეთებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 400 000 ლარია გამოყოფილი.
წინადადების მიღება 22 აპრილს იწყება და 27 აპრილს სრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დამკვეთთან, რუსთავის მუნიციპალიტეტთან, შეთანხმებით ეტაპობრივად ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეასრულოს.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა ქუჩაზე დაზიანებული გზის ფოტოებს მოქალაქეები ხშირად ავრცელებენ, მათ შორის "ინფო რუსთავსაც" უგზავნიან.
დაზიანებული გზების პრობლემაზე საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ისაუბრა ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემაც, რომელმაც დაზიანების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
მათ შორის დეველოპერული კომპანიები, რომელთა სამშენებლო სამუშაოებისთვისაც მძიმე ტექნიკა ისეთ ქუჩებზე გადაადგილდება, სადაც დაშვებული არაა. გზის საფარის დაზიანების კიდევ ერთ მიზეზად ქალაქის მერმა კომუნიკაციების კომპანიების მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ასევე ბუნებრივი ცვეთა დაასახელა.