2026-04-07 14:47:19
გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 42.3 ჰა-თი გაიზრდება და 3 776 ჰა ტერიტორიაზე იქნება.
გარდაბნის აღკვეთილის საზღვრის ცვლილების ინიციატივა პარლამენტში მთავრობამ წარადგინა. ცვლილება „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში შედის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.
როგორც უწყება განმარტავს, აღკვეთილის ტერიტორიის ზრდა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული ჭალის ტყის ტერიტორიის ხარჯზე მოხდება. აღნიშნული ტერიტორია ჭალის ტყის ეკოსისტემას წარმოადგენს.
"მტკვრის სანაპირო ზოლში, იქ სადაც მდინარე მტკვარი ემიჯნება ღია ფართობებს, წარმოდგენილია ჭალის ტყის პირველი ტერასა. აქ გვხვდება იალღუნის, ტირიფისა და ვერხვის ერთეული ეგზემპლიარები, რაც წარსულში ტირიფისა და ვერხვის ნათელი ტყეების არსებობაზე მიუთითებს. ჭალის ტყის სამხრეთ ნაწილში მდინარისპირა ნათელი ტყეებია. აღნიშნული გამოწვეულია ღარიბი, ალუვიური, ჰუმუსოვან ფენას მოკლებული კალაპოტისპირა ქვიანი, კაჭარი და ქვიშიანი ნიადაგებით.
მდინარე მტკვრის კალაპოტიდან ოდნავ მოშორებით, სანაპირო ზოლს მტკვრის ჭალის მე-2 ტერასაზე ჭალა-ბარის ტყეში გვხვდება მუხნარები ჭალის თელა და ვერხვნარები ერთეული სახით. ვერხვნარ კორომებში ზოგიერთ მონაკვეთზე ჯგუფებად არის წარმოდგენილი ჭალის მუხა, სადაც ჭალის მუხის გოლიათი ეგზემპლარებიც გვხვდება, რომელთა დიამეტრი 80 სანტიმეტრს აღემატება.
აღნიშნულ ჭალის ტყის ტერიტორიაზე, წარმოდგენილია როგორც მეჩხერი, ასევე დაბალი სიხშირის ტყეები, რომლის დაახლოებით 25% წარმოადგენს საშუალო სიხშირის ვერხვნარი, ქვეტყითა და ხვიარა მცენარეებით, სადაც გაუვალი მონაკვეთები იქმნება სუროს, კატაბარდას, მაყვლის და ეკალღიჭის სიჭარბის გამო. ვერხვებიდან ძირითადად პირველ იარუსში გვხვდება ხვალო და ოფი, რომელთა სიმაღლე აღწევს 28-30 მეტრს. მე-2 იარუსში გვხვდება თელა, კუნელი, თუთა, ფშატი, ჭალის მუხა. ზოგიერთ მონაკვეთზე ჭალის მუხა შესაძლებელია მიეკუთვნოს პირველ იარუსს, რომლის სიმაღლე აღწევს 19-21 მეტრს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი განახლების ხელის შეწყობის და აქტიური ტყის აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების ხარჯზე შესაძლებელია სრულად აღდგეს ჭალის ტყის ეკოსისტემა - უპირატესად საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხისა და თელის გამრავლების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ქალაქ რუსთავის მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლთან და გარდაბნის აღკვეთილთან კავშირში ურბანული ტერიტორიების სიახლოვეს საქართველოს “წითელი ნუსხით“ დაცული ისეთი ძუძუმწოვართა საბინადრო გარემოს აღდგენის და მათი გამრავლებისთვის, როგორიც არის ფოცხვერი, წავი, ლელიანის კატა, კეთილშობილი ირემი და ხელფრთიანების წარმომადგენლები. ტერიტორია შესაძლოა, ასევე ხელსაყრელი იყოს მობუდარი, (ქათმისებრთათვის) და გადამფრენი ფრინველებისთვის“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.