2026-04-04 13:52:04
წელს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოხდება. ამ მიზნით განათლების სამინისტრომ 12 ქალაქი უბნებად დაყო.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.
ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსთავში განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნები.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ რუსთავის სასკოლო უბნების ჩამონათვალს: დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ.შარტავას ადმინისტრაციული ერთეული; ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული; გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.