2026-03-27 16:19:42
1 აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემის წესები იცვლება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.
ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.