2026-03-27 13:03:23
2025 წელს უცხოეთიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 4 195 მოქალაქე გამოაბრუნეს.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წელს მეტი - 1 818 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან - 543; ხოლო ირლანდიიდან - 327.
რომელი ქვეყნებიდან გამოაბრუნეს ყველაზე მეტი ქართველი გასულ წელს
ათეულის დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:
საბერძნეთი - 142
შვეიცარია - 133
იტალია - 106
პოლონეთი - 96
ესპანეთი - 55
დიდი ბრიტანეთი - 32
ავსტრია - 31
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო აანაზღაურებს.