2026-02-26 15:11:52
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა.
ამის შესახებ სეს-ი განცხადებას ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
ფიზიკური პირი პ. გ. და ინდმეწარმე დ. კ. (მის: ქ. ხაშური სოფ. ოსიაური) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით აწარმოებდნენ, ეგრეთ წოდებულ ყველს. გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) რეგისტრაციისა და აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები",- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.