რუსთავში რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა

2026-02-22 20:09:59

რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა.

რუსთავის სპორტის სასახლეში, ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, ქვეყნის სამგზის ჩემპიონის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა.
ტურნირის პირველი მატჩის დაწყებამდე, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში, მემორიალის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც რუსთაველი კალათბურთელის  სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტო არქივი იყო წარმოდგენილი.

მემორიალური ტურნირის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლემენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, რამაზ გოგობერიშვილის ოჯახის წევრები, რუსთაველი კალათბურთელები და  სპორტსმენები დაესწრნენ.
„რუსთავში სპორტი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ და გამარჯვების ახალ ისტორიებს ვქმნით. დღევანდელი დღე კარგი მაგალითია იმისა, რომ ვაფასებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი სახელი  მოუტანა, დღესაც მაგალითია მომავალი თაობისთვის  თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი სპორტსმენი, როგორ უნდა შეაყვარო შენს ქალაქს თავი და როგორ უნდა ასახელო, არა მარტო რუსთავი, არამედ მთელი ქვეყანა. რამაზ გოგობერიშვილი სწორედ ასეთი ადამიანი იყო“,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.  
გოგობერიშვილის სახელობის ტურნირი, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და 26 თებერვალს დაიხურება.

„ძალიან კარგია, რომ რამაზ გოგობერიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა და დარწმუნებული ვარ, რომ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ პოპულარობას შეიძენს. ამ ადამიანმა, ეს სრულიად დაიმსახურა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ ერთად განსხვავებულ კალათბურთს ვთამაშობდით და აი ამ სტილის სულის ჩამდგმელი და შემსრულებელი, პირველ რიგში რამაზ გოგობერიშვილი იყო, ამიტომ უყვარდა ის მაყურებელს. ბავშვებს უნდოდათ, რომ მისთვის მიებაძათ და 13 ნომერი მაისური სცმოდათ. რამაზი უნიჭიერესი ადამიანი იყო“, - განაცხადა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ.
რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი წელს პირველად იმართება, თუმცა ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს სანაკრებო პაუზის დროს გაიმართება.
ტურნირში მონაწილე გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდებიან, საიდანაც პირველადგილოსნები უკვე ფინალში იასპარეზებენ.

ჯგუფური ეტაპი 22-23-24 თებერვალს გაიმართება. ფინალური მატჩი კი 26 თებერვალს ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებული გუნდი, სპეციალურად რამაზ გოგობერიშვილის მემორიალისთვის შექმნილი გარდამავალი პრიზით დაჯილდოვდება. ასევე დასახელდება ფინალური შეხვედრის MVP და გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო ხუთეული.