ინდოეთში ნიპას ვირუსის გამო 110 ადამიანი კარანტინშია

2026-01-27 13:51:35

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსი გავრცელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვირუსით 5 მედიკოსი არის ინფიცირებული, 110 ადამიანი კი კარანტინშია. ინფიცირებულთაგან, ორი ექთანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნიპა ისეთ დაავადებებს შორის შეიყვანა, როგორიცაა Covid-19 და ზიკა, რადგან მას ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს.

ინდოეთის ფარგლებს გარეთ ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე ქვეყანა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.

ვირუსის გავრცელების შედეგად, აეროპორტებში დაიწყო ვირუსული ინსპექცია. ტაილანდმა მგზავრების შემოწმება სამ აეროპორტში დაიწყო, რომლებიც დასავლეთ ბენგალიდან რეისებს იღებენ. ნეპალმა ასევე დაიწყო ჩამოსული პირების შემოწმება კატმანდუს აეროპორტსა და ინდოეთთან სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში.

ნიპას ვირუსი ადამიანს შეიძლება გადაეცეს ცხოველებიდან, როგორიცაა ღორები და ხილისმჭამელი ღამურები. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე დაბინძურებული საკვების მეშვეობით.

ვირუსს აქვს მაღალი სიკვდილიანობის პროცენტულობა - 40%-დან 75%-მდე, რადგან არ არსებობს ვაქცინა ან მედიკამენტი მის სამკურნალოდ.

საწყისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიცხეს, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ღებინებას და ყელის ტკივილს. ზოგიერთ ადამიანში ამ სიმპტომებს შეიძლება მოჰყვეს მოთენთილობა, მენტალური მდგომარეობის გაუარესება და პნევმონია.