"35 წელია ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და გზა არ გვაქვს"

2026-01-12 19:09:54

რუსთავში დოლიძის ქუჩის პირველი გასასვლელის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, თეიმურაზ გაჩეჩილაძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, 35 წელია მის ქუჩაზე გზა არ დაუგიათ.

მისი თქმით, მერიაში გზის რეაბილიტაციისთვის განცხადებებს ყოველ თვე წერს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ არის.

"35 წელია ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და გზა არ გვაქვს. ვერც სასწრაფო მოდის და ვერც სახანძრო. ტაქსის რომ ეტყვი, ისიც არ მოდის.  200 მეტრია სულ გასაკეთებელი. ჩემი გაკეთებულია ეს კანალიზაციაც და ყველაფერი. აქამდე ჩვენ ვუვლიდით და ვასუფთავებდით, ვეღარ ვუვლით.

მერიაში ყოველ თვე ვწერთ განცხადებას, დეპუტატსაც შევხვდით, კი გავარკვევო მითხრა, მაგრამ არაფერი არ გაურკვევია. ვნახე ბიუჯეტი და ნახსენებიც კი არ ვართ",- გვითხრა თეიმურაზ გაჩეჩილაძემ.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა რუსთავის მერიასაც, სადაც გვითხრეს: "2026 წელს რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტულია. შიდა უბნების რეაბილიტაცია, მოსახლეობასთან შეთანხმებით, რამდენიმე უბანშია დაგეგმილი.

კონკრეტული ლოკაციების შესახებ ინფორმაციას,   რუსთავის მერია მოსახლეობას, პერიოდულად აუცილებლად  მიაწვდის".