2025-12-12 15:46:13
პარლამენტში ინციირებულია კანონპროექტი, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გულისხმობს.
კერძოდ, როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, ხშირია საპენსიო თანხების ზედმეტად გაცემის შემთხვევები, რისი მიზეზიც შესაძლოა, იყოს პენსიონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებისთვის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის პენსიონერის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება, პენსიონერის გარდაცვალება და სხვა. თუმცა, ხშირია მსგავსი ინფორმაციის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში დაგვიანებით ასახვის ფაქტები, რის გამოც საპენსიო თანხების ზედმეტად გაცემა ხდება. მაგალითისთვის, თვეში დაახლოებით 30 შემთხვევაა, როცა ოჯახი პენსიონერის გარდაცვალებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვიან არეგისტრირებს,“ - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს ზედმეტად გაცემული საპენსიო თანხების უკან დაბრუნების პრაქტიკას. ახლა კი, კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ის პირები {პენსიონერები ან მათი მემკვიდრეები}, ვისაც 2021 წლის 1-ლი აპრილიდან 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში პენსია ზედმეტად (არასწორად) დაერიცხათ, გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებებისგან.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით (კანონპროექტის ინიცირების დროისთვის), კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1 213 804 ლარს.
გარდა ამისა, პროექტში ხაზგასმულია, რომ ზედმეტად გაცემულ საპენსიო თანხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოება 430 საქმეზე მიმდინარეობს.
„ცვლილების თანახმად, მოხდება 2021 წლის 1-ლი აპრილიდან (ბოლო ლეგალიზაციის თარიღი) 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან. შესაბამისად, 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. ამასთან, შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე,“ - ნათქვამია კანონპროექტში.