თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ზარალი 3 მილიონ ლარს შეადგენს

2025-10-27 18:57:36

თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ზარალი 3 მილიონ ლარს შეადგენს. 

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯია“-ს წარმომადგენლები თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.

კომპანიის 4 წარმომადგენელი დაკავებულია, 1 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულები 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად იღებდნენ თანხებს, თუმცა აღებული ვალდებულებები არ შეასრულეს.

პროკურორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული დაზარალებული, თუმცა გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს თაღლითური სქემით მოტყუებული სხვა პირების ვინაობა. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის ოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (დიდი ოდენობის თანხით თაღლითობა), რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.